მოქალაქე: ხვიჩიასა და მეგრელიშვილის “გირჩმა” ნებართვის გარეშე ჩამწერა პარტიულ სიაში

741

მოქალაქე ფეისბუკზე წერს, რომ იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის “გირჩის” პარტიულ სიაში მისი ნებართვის გარეშეა ჩაწერილი.

კოკა კაპანაძე წერს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში პარტიული სიის მეოთხე ნომერია, თუმცა ამის შესახებ თავად ინფორმირებული არ იყო, ახლა კი ცესკოში ეუბნებიან, რომ ცვლილებების შეტანა შეუძლებელია.

კაპანაძის თქმით, მისი ნებართვის გარეშე მოხდა პირადი მონაცემების ამოღება და გამოყენება პარტიული სიისთვის.

„სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე დღეს რომ იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილის პარტია “გირჩმა” ჩემი ნებართვის გარეშე ჩამწერა მეოთხე ნომრად თავის პარტიულ სიაში ქარელის მუნიციპალიტეტში. არანაირი შეხება არც გირჩთან და არც ქარელთან არასდროს არ მქონია. ნამყოფიც არ ვარ ქარელში. რა პრინციპით და როგორ მოხდა ჩემი პირადი მონაცემების ამოღება და ჩემი თანხმობის გარეშე სიაში ჩემი ჩასმა, გაუგებარია.

ცესკოში დამიდასტურეს ეს ინფორმაცია და მითხრეს, რომ ვერაფერს ვერ მოიმოქმედებდნენ და რომ პარტიას უნდა დავუკავშირდე, მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელია სიაში ცვლილებების შეტანა ამ ეტაპზე. პარტიას მივწერე და ველოდები მათგან ზარს მთელი დღეა რომ მოვისმინო ახსნა-განმარტება”, – წერს კოკა კაპანაძე.

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ფორმულასთან ამბობს, რომ ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა.

ხვიჩია ამბობს, რომ ისინი მხარდამჭერებს თანხასაც უხდიდნენ იმისათვის, რომ მათ პასპორტები გაეგზავნათ.

„პოლიტიკური პარტიები ფორმალურად ადგენენ სიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არა მხოლოდ ჩვენ გვქონდა ეს თემა. მხოლოდ ეს კი არ გვქონდა, კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. მხარდამჭერებმა გამოგვიგზავნეს სია ხალხის, პასპორტში 5 ლარს ვიხდიდით, თუ გამოგვიგზავნიდნენ”, – ამბობს იაგო ხვიჩია ფორმულასთან.