“გირჩი-მეტი თავისუფლება”: გორში „ქართული ოცნება” ამომრჩევლის დაშინებისთვის პოლიციას იყენებს

311

“წინასაარჩევნო პერიოდში, “ქართული ოცნება” ამომრჩევლის დაშინებისთვის და ხმების მობილიზებისთვის პოლიციას იყენებს”, – ამის შესახებ გორში პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” პროპორციული სიის პირველმა ნომერმა ლაშა ჯიოშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ქართული ოცნება” წინა ხელისუფლების მეთოდებს დაუბრუნდა და წინასაარჩევნოდ იყენებს პოლიციას, რათა მოახდინოს ხმების მობილიზება და ამომრჩევლის დაშინება. კონკრეტულად ეს გამოიხატება იმაში, რომ პოლიციელებს დაევალათ ამომრჩევლების მიყვანა, რომლებიც ხმას მისცემენ მმართველ პარტიას, ასევე მათ დაევალათ ღამის საათებში ე.წ რეიდების ჩატარება. ისინი ჩხრეკენ მანქანებს და კონკრეტულად ეძებენ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც შეიძლება არც გქონდეს და თვითონ აღმოაჩინონ და შემდეგ ხდება ამ ადამიანების “დავერბოვკება”  საარჩევნოდ” , – აცხადებს ჯიოშვილი.

ჯიოშვილი ვარაუდობს, რომ საარჩევნოდ “საპოლიციო რეჟიმი” პიკს მიაღწევს.

“ეს ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიას გვახსენებს, როცა ისინი საპოლიციო ძალების გამოყენებით ცდილობდნენ ამომრჩევლის დაშინებას, თუმცა “ქართულ ოცნებას” ვპირდებით, რომ ამ სისტემას არ დავანგრევთ, ამ სისტემას წელში გადავტეხავთ. ყველა ადამიანს, ვინც წინასაარჩევნო პერიოდში გახდა პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, შეუძლიათ მოგვმართონ და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს, თუ საჭირო გახდება მათთან ერთად დავსხდებით სასამართლოში. პოლიცია უნდა იყოს დაკავებული თავისი საქმით და არა წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობით” , – განაცხადა ლაშა ჯიოშვილმა.

მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელშიც, სადაც დეტალურად აღწერს პოლიციის მიერ ჩატარებულ ე.წ “რეიდს”.