პარტია “გახარია-საქართველოსთვის” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ბექა ლილუაშვილმა რუსთავის მერიის წინ არსებულ ცენტრალურ მოედანზე ქალაქის განვითარების გეგმის პრეზენტაცია გამართა.
როგორც ლილუაშვილმა პრეზენტაციის დასრულების შემდეგ “ინფო რუსთავს” განუცხადა, მათ რუსთაველებს გააცნეს, სად უნდა იყოს ქალაქი 5-7 წლის შემდეგ.
“დღეს ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა პარტიის, მათ შორის მმართველი პარტიის დაპირებებს ინფრასტრუქტურულ საკითხებზე და ეს არის ძალიან იმედგამაცრუებელი თითოეული რუსთაველისთვის იმიტომ, რომ ეს არ არის ინფრასტრუქტურის არჩევნები და შეუძლებელია ქალაქს ესაუბრო საარჩევნოდ იმით, რაც ისედაც თვითმმართველობის პირდაპირი ვალდებულება.
ჩვენ დღეს რუსთავს ვესაუბრეთ სად უნდა იყოს ქალაქი 5-7 წლის შემდეგ, რა ეკონომიკური ფუნქცია უნდა შეიძინოს მან, რომ საკუათარ მოსახლეობას შესთავაზოს შესაძლებლობები, შესთავაზოს სარგებელი ეკონომიკური ზრდიდან. დღეს რუსთავს აქვს რისკები, გადაიქცეს თბილისის საძილე უბნად. ქალაქი, რომელსაც სჭირდება კონკრეტული ეკონომიკური ფუნქცია, უნდა განვითარდეს სამრეწველო კუთხით. არა ისე, რომ ამან საფრთხე შეუქმნას მის ეკოლოგიურ მდგრადობას, არამედ ისე, როგორც ეს აპრობირებული და მიღწეულია ევროპის სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში.
ამავდროულად, შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ პირველ ეტაპზე 300 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება იმისთვის, რომ 5000-მდე სამუშაო ადგილი შევქმნათ.
ამის შემდეგ ჩვენ გადავდივართ უკვე “იცხოვრე რუსთავში” პრინციპზე, რომელიც გულისხმობს მათ შორის რუსთავი თაუერის, 27 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას ქალაქის შემოსასვლელში, რომელიც გახდება ქალაქის საცნობარე ნიშანი. ის გააერთიანებს მუნიციპალურ სერვისებს, გასართობ ინფრასტრუქტურას, კინოთეატრს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბს, გააერთიანებს შოპინგ ცენტრს. ეს იქნება ურბანული მიზიდულობის ცენტრი რუსთავისთვის, სადაც არამხოლოდ რუსთაველები იქნებიან წარმოდგენილი, არამედ წარმოდგენილი იქნებიან მომიჯნავე, მათ შორის თბილისის მოსახლეობაც.
ეს ნიშნავს ასევე ეკოლოგიურ პოლიტიკას, პოლიტიკას, სადაც თვითმმართველობა თავისუფალია ბიზნესის მიმართ კონკრეტული ვალდებულებებისგან და ის პირველ რიგში, ხელმღვანელობს სამართლიანობის პრინციპით, სადაც აღსრულება ხდება არამხოლოდ მკაცრად, არამედ ხელშეწყობითაც. რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ვამბობთ კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენ ასევე უნდა შევუქმნათ შესაძლებლობები კერძო ბიზნესს, არ დაზარალდეს ფინანსურად მნიშვნელოვნად და განახორციელოს ინვესტიციები.
ვსაუბრობთ ასევე რუსთავის ცენტრალური პარკის განვითარებაზე, რომელიც არის მეგა პროექტი რუსთავისთვის”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.