გახარიას გუნდის წევრს ლაგოდეხში საბურავები დაუჭრეს

242

პარტია ” საქართველოსთვის” წარმომადგენელს, ლაგოდეხში, სალომე ღონღაძეს, ავტომანქანის საბურავები დაუჭრეს. შემთხვევის შესახებ პოსტი და ფოტომასალა თავად ღონღაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

“არ ვიცი ვის და რატომ მოუვიდა თავში აზრად ეს მავნებლობა….წინა ორივე საბურავი საგულდაგულოდ გაუჭრიათ…მიუხედავად გარკვეული ვერსიებისა,დანამდვილებით ხელს შეგნებულად არავის დავადებ,თუმცა მე უკვე მოვასწარი და გურჯაანის სასამართლოდან მოგესალმებით, სადაც სარჩელი შემაქვს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების თაობაზე,”- წერს ღონღაძე.

რადიო ჰერეთთან საუბარში, სალომე ღონღაძემ დაადასტურა, რომ მომხდარ ფაქტს, პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, თუმცა სამართალდამცავებისათვის არ მიუმართავს.

“ღამით გავაჩერე ავტომანქანა და დილით ორი საბურავი დამხვდა გაფუჭებული. ვერც შევამჩნიე, ხალხი მაჩერებდა. ამ ავტომანქანით ვსარგებლობთ, პარტიული საქმიანობის პროცესშიც. დღეს სარჩელი შემქონდა საკრებულოს წინააღმდეგ, სასამართლოში. ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, თუმცა, ხელს ვერავის დავადებ და არც პოლიციისათვის მიმიმართავს,“- განაცხადა ღონღაძემ.

სალომე ღონღაძე ” ქართული ოცნებიდან,” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო და კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. გუნდის დატოვების შემდეგ, ის, გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. მმართველმა პარტიამ, ღონღაძე საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან, 3 სექტემბერს გადააყენა.