პარლამენტარი ზაურ დარგალის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულში, შულავრის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების მოთხოვნით აქციის გამართვა და გზის გადაკეტვა იგეგმება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
დღეს, 27 სექტემბერს, მარნეულის „ქართული ოცნების“ შტაბში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ზაურ დარგალმა განაცხადა, რომ აქციის გამართვისა და გზის გადაკეტვის შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები დროულ რეაგირებას მოახდენენ.
„ეს გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება რომელსაც უკვე პრაქტიკულად ყოველდღიურად ვხედავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პარტიას, რომელსაც მარნეულში მოსახლეობასთან, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არც ერთი შეხვედრა არ აქვს ჩატარებული, პირდაპირ მიდის პროვოკაციაზე. ე.წ აქციის ფარგლებში, ბნელი ძალები გეგმავენ კანონის საწინააღმდეგო მსვლელობას. მათ სურთ, გამოიყენონ მოსახლეობა და გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი“. – განაცხადა ზაურ დარგალმა.
დარგალის განმარტებით, შულავერში აქციის გამართვა დესტაბილიზაციის მცდელობის პირდაპირი გამოვლინებაა, რადგან საავტომობილო გზის გადაკეტვამ მოსახლეობაში შესაძლოა დაპირისპირება გამოიწვიოს. ის მოსახლეობას მოუწოდებს არ მიიღონ მონაწილეობა „დესტრუქციული ოპოზიციის“ მიერ ორგანიზებულ მიტინგში, ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწოდებს, რომ უარი თქვან პროვოკაციებზე და საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობებზე.
რადიო „მარნეული“ ცდილობს გაარკვიოს თუ რა პოზიცია აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ზაურ დარგალის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.