რეზო ხარაზი: მივმართავთ პროკურატურას, გამოაქვეყნოს „ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სს საქმეები

612

მივმართავთ პროკურატურას, გამოაქვეყნოს “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა რეზო ხარაზმა პროკურატურასთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს მერობის კანდიდატად კორუმპირებული და სავარაუდოდ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი მერობის კანდიდატი ჰყავს.

“დღეს ჩვენ საქართველოს პროკურატურას მივმართეთ, რომ გამოაქვეყნოს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ არჩილ ჩიქოვანზე სხვადასხვა დროს აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ინფორმაცია.

საინტერესოა, რამდენ საქმეზე იყო დაბარებული პროკურატურაში ბატონი ჩიქოვანი გამოკითხვაზე და რამდენი საქმეა მის წინააღმდეგ აღძრული. მაგალითად შსს – ში, სოდ-ში მუშაობის დროს და ა.შ… ამასთან აჭარის საავტომობილო დეპარტამენტში მუშაობის დროს.

თუ პროკურატურა გამოაქვეყნებს ამ დეტალებს გამოჩნდება, რომ “ქართულმა ოცნებამ” ბათუმს “ჩაუდო” კორუმპირებული და სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულებებში ეჭვმიტანილი მერი”, – აცხადებს რეზო ხარაზი.

რეზო ხარაზის ბრალდებას “ქართული ოცნების” ბათუმის მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა.

“ოპოზიცია ერთი და იგივე საკითხზე საუბარს არ ეშვება. მარტივად გეტყვით, რომ ყველა შეკითხვაზე, რომელიც არსებობდა ჩემს სხვადასხვა სამსახურში მუშაობასთან დაკავშირებით, ყველა შეკითხვას პასუხი გაცემულია.

მათ აღელვებთ ჩვენი მოქალაქეების განწყობები, აღელვებთ კონკრეტული რეიტინგები და ამ საარჩევნო პერიოდში ცდილობენ, “ფეიკნიუსებით” და არაორდინალური გადაწყვეტილებებით ჩვენი ამომრჩეველი გააოცონ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩეველი გააოცებთ შედეგებით”,- აღნიშნა მან.