ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი აქტივისტებთან ერთად „ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბში მივიდა და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას

27

დღეს, 25 სექტემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მმართველი გუნდი მოუწოდებს „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი თქვას პროვოკაციებზე.

„რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედების შესახებ. როგორც ხედავთ, უკვე რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონში ახორციელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რათა ხელოვნურად გააუარესონ უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. ამის პირველი მაგალითი გახლდათ მაშინ, როდესაც „მთავარი არხის“ წარმომადგენელი შეიჭრა „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბში და ჩვენი მერობის კანდიდატს უხეში შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტს მოყვა პროვოკაციები ბათუმში, ხელვაჩაურში და მათ შორის, არასრულწლოვანი ბავშვის გამოყენებითაც, რაც მიანიშნებს „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებზე და ნათლად მეტყველებს თუ რა მიზნები აქვთ მათ.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ აქტივისტს, ვინც მოთმინებას იჩენს, არ ჰყვება პროვოკაციას და აგრძელებს საარჩევნო კამპანიის წარმოებას, რომელიც მიმართულია ღირსეული, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისკენ. სამწუხაროდ, მძიმე ინციდენტით დასრულდა მათი პროვოკაცია დმანისში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა მძიმე დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაგირებისთვის.

გუშინწინ დესტრუქციული ქმედებების ეს ჯაჭვი გააგრძელა „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, რომელმაც პროვოკაცია ევროკავშირის ოფისის წინ მოაწყო. სამწუხაროდ, ამ პროვოკაციას არ მოჰყვა სათანადო შეფასება, რაც შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან „მწავნე შუქად“ იქნეს შეფასებული.

ჩვენი ვარაუდი გამართლდა და დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია კასპში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი, პარტიის რამდენიმე აქტივისტთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ კასპის პარტიულ შტაბთან და დესტრუქციული ქმედებებით ცდილობდა ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირებას. არსებობს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განახორციელოს ანოლოგიური ქმედებები „ქართული ოცნების“ აქტივისტების და შტაბის წევრების პროვოცირების მიზნით.

მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი თქვას პროვოკაციებზე, საარჩევნო გარემოს ხელოვნური გაუარესების ყოველდღიურ მცდელობაზე“,-აღნიშნავს ჩიქოვანი.