ჰარცელი: ვწუხვარ, რომ ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა – შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ

300
ევროკავშირის ელჩი

ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის ოფისის წინ გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხება.

ამასთან, როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ის შეაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

„გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე.

ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ–ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

ნება მომეცით გავმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა.

საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გუშინ ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი რეპლიკებითაც მიმართეს, მათ შორის ერთმანეთს „მონა” და „ნაძირალა” ეძახეს.