დავით დაუთაშვილმა იზოლატორში თვითდაზიანების მიყენება სცადა – მისი ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა

293

წინა სტატია

დმანისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე ბრალდებულ დავით დაუთაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დაუთაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზა დაინიშნა.

როგორც ადვოკატმა გია მაჩიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, საქმეში არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ დავით დაუთაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული. მისივე თქმით, ბრალდებული დროებითი მოთავსების იზოლატორში სპეციალური დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა და თვითდაზიანებების მიყენება სცადა.

,,ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი წელი არ იყო, რომ არ გაევლო მკურნალობა შესაბამის დაწესებულებაში. იზოლატორშიც სპეციალურ კამერაში იყო მოთავსებული და 24 საათიანი ზედამხედველობა ჰქონდა ადმინისტრაციას. გუშინ მან სცადა თვითდაზიანებების მიყენება და რომ არა თანამშრომლები ალბათ მიიყენებდა. საქმე გვაქვს ასეთ პიროვნებასთან, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა. ბრალდების მხარემ უკვე დანიშნა ექსპერტიზა, რამდენიმე დღეში ის გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში და ყველა იმ კითხვას გაეცემა პასუხი დანაშაულის ჩადენის მომენტში როგორ ფსიქიკურ მდგომარეობაში იყო”, – აღნიშნა გია მაჩიტაძემ.

ცნობისთვის, დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ 2 მხარდამჭერის დაჭრის ფაქტზე დაუთაშვილს ბრალდება 23 სექტემბერს წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დავით დაუთაშვილმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, 24 სექტებერს დაჭრის ფაქტზე დავით დაუთაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ დაუთაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.