დარწმუნებული ვარ, თუ “ქართული ოცნება” 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს წააგებს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს.
რაქვიაშვილი ასევე აცხადებს, რომ პარლამენტის ვადამდელი არჩევნები დიდი ალბათობით მაშინაც დაინიშნება, თუ “ქართული ოცნება” 43%-ზე მეტს აიღებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები მათ ინტერესებში იქნება.
“სწორედ ამომრჩეველთა განწყობა განაპირობებს, გვჭირდება თუ არა ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკა საბოლოო ჯამში ამომრჩევლის მიერ სიტუაციის აღქმაზე დგას. თუკი ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკების მაგალითებს გადავხედავთ, როდესაც ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველს პრინციპულად სხვა შედეგს აჩვენებს, მმართველი გუნდი იძულებული ხდება, ახალი არჩევნები დანიშნოს. ადგილობრივ არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მაგალითად, 35% რომ მიიღოს და აღმოჩნდეს, რომ მას უმრავლესობა მხარს არ უჭერს, სავსებით შესაძლებელია, რომ “ქართული ოცნებისთვის” ახალი არჩევნების ჩატარება უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე მმართველობის გაგრძელება”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.