მერობის კანდიდატი ლადო ხინჩეგაშვილი არცერთ გადაცემაში არ წავა, – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო “ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ქართულმა ოცნებამ” გორის მერობის კანდიდატად მსოფლიო ჩემპიონი, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 30 ივლისს დაასახელა. 2 აგვისტოდან კი ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ამის შემდეგ სპორტული კარიერიდან პოლიტიკაში გადასული კანდიდატი მედიასთან პირისპირ აღარ გამოჩენილა.
საარჩევნო შტაბის გადაწყვეტილებით, მისი მედიასთან კომუნიკაცია რეგულირებულია:
- დიდწილად, მოსახლეობასთან გამართული შეხევედრების შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებს მერობის კანდიდატის პიარის თანამშრომელი აწვდის;
- დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელების შემთხვევაში კი, ჟურნალისტს ადგილზე პიარის თანამშრომლებიც ხვდებიან და ინტერვიუს ჩაწერა კვლავ ზედამხედველობის ქვეშ ხდება.
ამ დროის განმავლობაში, “რადიო მოზაიკა” იღებდა დაპირებას, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამონახავდა დროს და მედიისთვის საინტერესო კითხვებს ერთიანად უპასუხებდა, თუმცა 21 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით, მერობის კანდიდატი არც ერთ გადაცემაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თევდორე მაყაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი
“ცუდი სიახლე მაქვს, სამწუხაროდ. ბევრი დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ მინიმუმ პროგრამის პრეზენტაციამდე, არცერთ გადაცემაში არ წავა. ბევრი ვიმსჯელეთ, ბევრი განსხვავებული აზრიც გაჟღერდა, მაგრამ საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ
ეს გადაწყვეტილება მაყაშვილმა შემდეგნაირად ახსნა:
“მთავარი მიზეზი ისაა, რომ პროგრამის პრეზენტაციამდე ვერ გააჟღერებს კონკრეტულ ინიციატივებს და მაგის გარეშე ზოგადი ლაპარაკი არადამაჯერებელი გამოვა და არ იქნება კარგი.”
“მედიასთან შეზღუდული ურთიერთობის ფონზე, მერობის კანდიდატი გავლენიან ბიზნესმენებთან, “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებთან და პიარის თანმშრომლებთან ერთად, განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს და როგორც ცნობილია, იმ დაპირებებს და ინიციტივებს აცნობს, რომელთა შესახებაც მედიასთან საუბარი პარტიამ “ზოგად და არადამაჯერებელ ლაპარაკად” მიიჩნია”, – წერს რადიო მოზაიკა.