კობახიძე: ნიკა მელიამ ცხოვრებაში პირველად, სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს

298

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საკუთარი შესაძლებლობები „ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა და დებატებს გაექცა“.

კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რის გამოც ნიკა მელიამ მერობის კანდიდატებს შორის დებატები დატოვა, კობახიძემ განაცხადა, რომ მელიას სათქმელი არაფერი აქვს.

„მელია გაექცა დებატებს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას სათქმელი არაფერი აქვს. მას არ აქვს არც ინტელექტი, ის არის „ხულიგანი“ და ასეთი ადამიანების ადგილი ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში, დებატებში არ არის. შესაბამისად, მან ცხოვრებაში პირველად სწორად შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გაექცა დებატებს“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ „ლეიბორისტური პარტიის“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძეს მიუტანა ქილა, სადაც მისი თქმით, უფასო სასადილოს რაციონი იყო მოთავსებული, კობახიძე ამბობს, რომ დებატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და მისმა სატელიტებმა საკუთარი თავი წარმოაჩინეს“.

„ის პატარა პროვოკაციები, რომელიც გუშინდელ დებატებზე ვიხილეთ, ამ სატელიტების და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მონაწილეობით არის აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელება იმ სულისკვეთებისა, რითაც ეს პარტიები და ადამიანები გამოირჩევიან“,- განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაასახელა და თქვა, რომ მასთან ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა.

5-6-ჯერ მეტი დრო ჰქონდა სახელისუფლებო კანდიდატს. 16 ადამიანში შეუძლებელია, სერიოზულად ისაუბრო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ქრონიკას“ ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა ობოლაძის თქმით, 5-6-ჯერ მეტი დრო ჰქონდა სახელისუფლებო კანდიდატს, ნიკა მელიას კი 16 ადამიანში შეუძლებელია, სერიოზულად ესაუბრა, რადგან მერობის კანდიდატების დებატების ფორმატი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ აზრი წესიერად გამოთქმულიყო.