“არ ვაპირებ ერთ სივრცეში ყოფნას კორუმპირებულ მოძალადესთან” – ნიკა მელიამ დებატები დატოვა

202

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დატოვა. მან განაცხადა, რომ არ აპირებს ერთ სივრცეში ყოფნას ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს.

“დღეს დმანისში ყველამ კარგად ვიცით, რა გააკეთეს, ამიტომ ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა დამარცხდეს, არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ქართველი ხალხის მიერ და დამარცხდება, რადგან ეს ადამიანი არის მოძალადე. მე ვარ გულწრფელი და რასაც ვგულისხმობ, იმას ვსაუბრობ. პატივს ვცემ ყველა კანდიდატის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან ერთად, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას”, — თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, ფორმატი არ უწყობს ხელს რეალური დებატების გამართვას და იქ მხოლოდ იმიტომ მივიდა, რომ ქართული ოცნების გენერალური მდივანისთვის ეთქვა, თუ რა მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში.

“რატომ მოვედი და რატომ ვიღებ მონაწილეობას ამ ფორმატში, ფორმატი, რომელიც არანაირად არ უწყობს ხელს რეალურ დებატების გამართვას და ამაში, სამწუხაროდ, ჩვენი მაყურებელიც დარწმუნდება, სიმართლეს გეტყვით, მოვედი აქ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ ქართული ოცნები გენერალურ მდივანს პირადად ვუთხრა, თუ რა ამორალურად მოძალადე და კორუმპირებული ადამიანები არიან დღეს ხელისუფლებაში. მოვედი იმისთვის, რომ ვუთხრა — ეს ადამიანები არაფერს არ თაკილობენ, ეს ადამიანები ძალადობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ძალადობენ დღისით, მზისით და ეს ადამიანები და ეს ბატონი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, უსაზღვროდ კორუმპირებული ადამიანი და კრიმინალების მფარველი, დამსაქმებელი, ამას სჩადის”, — განაცხადა მელიამ.

აღნიშნულზე ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მელიას უთხრა, რომ მიკროფონი დაეტოვებინა და ისე წასულიყო.

“სულ კარგად ბრძანდებოდეთ, მიდი, მიდი, მიკროფონი დაგვიტოვე, მიკროფონი და ისე გადი”, — უპასუხა კალაძემ.