5-6-ჯერ მეტი დრო ჰქონდა სახელისუფლებო კანდიდატს. 16 ადამიანში შეუძლებელია, სერიოზულად ისაუბრო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა ობოლაძემ „ქრონიკას“ ნიკა მელიას მიერ დებატების დატოვების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.
მან განმარტა, რატომ მიიღო ნიკა მელიამ გუშინ საზოგადოებრივ არხზე მერობის კანდიდატებისთვის გამართული პოლიტიკური დებატების დატოვების გადაწყვეტილება.
„ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიამ მიიღო იმიტომ, რომ დებატების ფორმატი არ ასახავდა არც პოლიტიკურ განწყობას, არც რეალობას და არც იმის საშუალებას იძლეოდა, აზრი წესიერად გამოთქმულიყო. მივიდა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ეთქვა. 5-6-ჯერ მეტი დრო ჰქონდა სახელისუფლებო კანდიდატს. 16 ადამიანში შეუძლებელია სერიოზულად ისაუბრო“, – განაცხადა ობოლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ „პირველი არხის“ ეთერში დედაქალაქის მერობის კანდიდატების დებატები, მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად მელიამ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაასახელა და თქვა, რომ მასთან ერთ სივრცეში ყოფნას არ აპირებდა.