თუ ის დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, ეს „ნაცმოძრაობას“ ძალიან მძიმედ დაუჯდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დმანისში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებზე ჯერ აღნიშნულთან დაკავშირებით დანამდვილებით საუბარი არ შეუძლია.
„გუშინ, გახსოვთ, როგორი მკაცრები და ხისტები ვიყავით ამ პროვოკაციის ჩამდენის მიმართ. ბუნებრივია, ეს ძალაში რჩება, მაგრამ თუ ის დადასტურდება, რომ მძიმე პროვოკაციას ადგილი ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ, რათა ეს პროვოკაცია შემდგარიყო, იმ სერიების ფონზე, რომლებიც ვერ მოახერხეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ კონტექსტს ვგულისხმობ, ეს ძალიან მძიმედ დაუჯდება „ნაცმოძრაობას“. ეს არის უდიდესი ამორალურობა, რა ინფორმაციასაც ვიღებ, მხოლოდ ამ ინფორმაციას დადასტურება სჭირდება. მე ჯერ ამაზე საუბარი სამწუხაროდ, არ შემიძლია“ , – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. ამასთან, „ქართული ოცნების“ დმანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ დაუთაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.