“ქართული ოცნების” ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი სკანდალში ეხვევა. საქმე იმ პერიოდს ეხება, როდესაც ზაზა დიასამიძე მუნიციპალიტეტში პოლიციას ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბრალდება, ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსის და ახლა უკვე ხელვაჩურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის მისამართითაა. მუქარაში და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, დიასამიძეს ნინო კილაძე ადანაუშაულებს. ჰყვება, რომ მერობის კანდიდატი მას წლების წინ სამართალდამცავზე გათხოვებას აიძულებდა. ნინო კილაძე ამბობს, რომ წლების წინ მეზობელთან მიწის თაობაზე დაობდა. ზაზა დიასამიძე სწორედ მაშინ გაიცნო, როცა საჩივრით პოლიციაში მივიდა.
ნინო კილაძე ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი აუდიენციისას მას დიასამიძემ სთხოვა ცოლად გაჰყოლოდა საკუთარ თანამშრომელს – ბაკურ გვალიას, რომელსაც იგი მოეწონა. სანაცვლოდ მეზობელთან დავა მის სასარგებლოდ გადაწყდებოდა. კილაძე ამბობს, რომ მოულოდნელი პირობა არ მიიღო და მუქარისა და შანტაჟის გამო ისევ პოლიციას მიმართა. მას შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, თუმცა, საქმეზე სიახლე არაფერია. ქალის მტკიცებით, დღემდე ყალბი ფეისბუქ გვერდებიდან მხოლოდ ზეწოლა გრძელდება.
„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნის, ზაზა დიასამიძის ზარს უშედეგოდ ველოდეთ. თავად არა, თუმცა პარტიის პრესსამსახურმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ აღნიშნულ თემაზე ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი კომენტარს არ გააკეთებს.