ბორჯომში ‘რეფორმატორების’ კანდიდატმა ენმ–ს ძველი სააგიტაციო მასალა გამოიყენა

434

“მესამე ძალის“ პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გიუაშვილმა, ბორჯომის N36 საოლქოს საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა, იგი პარტია „რეფორმატორების“ მაჟორიტარ კანდიდატს, ვალერი გრიგალაშვილს ძველი სააგიტაციო მასალების გამოყენებაში ადანაშაულებს და საოლქოს რეაგირებისკენ მოუწოდებს. საჩივარი განხილვის პროცესშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

„ვალერი გრიგალაშვილი, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალების“ მერობის კანდიდატი იყო, იყენებს ძველ „პლაკატებს“, რომელიც სავარაუდოდ დიდი ოდენობით დარჩა, 5 ნომერს გადააკრა 49, ეს არის დარღვევა“, – ამბობს „მესამე ძალის“ პირველი ნომერი ბორჯომში, გიორგი გიუაშვილი.

„რეფორმატორების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გრიგალაშვილი არ უარყოფს, რომ წინა წლების სააგიტაციო მასალა გამოიყენა და არ თვლის, რომ ამით კანონი დაარღვია.

„ჩათვალეთ, რომ გადაყრილი სურათები ავიღე.  პარტიას, რომელსაც მე წარმოვადგენ არ გააჩნია არანაირი ფინანსები, ეს გამოსავალი ვნახე. მე თავად დავამზადე სტიკერები, რომლებიც ძველ პლაკატებს აკრავს, აქ არანაირი კანონი დარღვეული არ არის. ეს ინფორმაცია ვინც მოგაწოდათ ძალიან ცდება, სადაც უნდათ იქ მიჩივლონ. როცა კანონის დარღვევაზეა ლაპარკი მე უკეთ ვიცი, იურისტი ვარ“, – გვითხრა ვალერი გრიგალაშვილმა.

საიას იურისტი, ქეთი ბებიაშვილის თქმით, გრიგალაშვილის ქმედებით, საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლი, დაირღვა, გადაკრული პლაკატები დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიხსნას.

„თითოეული სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს, ვინ დაამზადა, რიგითი ნომერი, ტირაჟი, ასე არ შეიძლება. საარჩევნო კოდექსის 46–ე მუხლში წერია, რომ ერთი ეგზემპლარი უნდა იყოს საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს დემონტაჟი და თუ გავრცელება ხდება უნდა აღიკვეთოს“, – განმარტავს ქეთი ბებიაშვილი.

გიორგი გიუაშვილის საჩივარი ამ დროისთვის განხილვის პროცესშია.