ბათუმის მერია: სანიაღვრე სისტემის პარალიზება სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია

717

ძლიერი წვიმის შემდეგ ბათუმი ისევ დაიტბორა – მერიაში აცხადებენ, რომ სანიაღვრე სისტემის პარალიზება სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, სამუშაოების გამო სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა.

მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხების გაჭედვა. განვითარდა მეწყრული პროცესებიც.

უწყების ცნობით, ცხელ ხაზზე 250-მდე ზარი შევიდა ამ ეტაპზე კი ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

“ყველა დაზარალებულ ოჯახს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა. საჭიროების შესაბამისად მოხდება ოჯახების ალტერნატიულ საცხოვრებელში ქირით გადაყვანა”, – წერია ბათუმის მერიის განცხადებაში.