„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის გამოწვევას ცდილობს და ამ მიზნით, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მმართველი გუნდის მხარდამჭერების პროვოცირება.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, სწორედ ასეთი ინციდენტი მოხდა გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში.
შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოთმინებისკენ მოუწოდა.
„მინდა, გამოვეხმაურო გუშინ დმანისის რაიონის სოფელ განთიადში მომხდარ ინციდენტს. ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად დაისჯება. ამასთან, ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაცვლად საარჩევნო კამპანიის წარმოებისა, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ცდილობს არეულობის გამოწვევას. ამ მიზნით, ბოლო დღეებია, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ჩვენი მხარდამჭერების პროვოცირება. ჩვენ შევძელით ხელვაჩაურში ორი ასეთი პროვოკაციის თავიდან აცილება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მიიჭრა ჩვენი კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე და ცდილობდა ამ შეხვედრის ჩაშლა.
სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 10 დღის განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა. მოთმენა არის რთული, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, დანის გამოყენებით სახის არეში დაზიანებები მიაყენა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს.