თბილისის ზღვაზე ახალი უბანი – თბილისის ზღვის მაღლობები გაშენდება. ასევე, განახლდება დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი ვარკეთილის მესამე მასივი. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მერობის კანდიდატ კახა კალაძის თბილისის მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ეს პროექტები წარმოადგენს თბილისის ურბანული განვითარებისთვის ახალ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ შესაძლებლობებს. როგორც ვიცე-მერმა განმარტა, ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამას მუნიციპალიტეტი სამშენებლო დეველოპერებთან ერთად განახორციელებს და ამისთვის მათთან გამარტივებულ ბიუროკრატიულ რეჟიმში ითანამშრომლებს.
“ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ და აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა არის საბინაო ფონდის განახლების და ურბანული ქსოვილების გაჯანსაღების პროგრამა. ასევე, არის სოციალური პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და კეთილდღეობას. ჩვენ ამ პროგრამას ვახორციელებთ სამშენებლო კომპანიებთან ერთად. ეს არის უსაფრთხო და სტაბილური პარტნიორობის მოდელი. თავად მუნიციპალიტეტი მოამზადებს სამშენებლოდ თითოეულ პროექტს და ტენდერის საფუძველზე გადასცემს გადასცემს გამარჯვებულ კომპანიას, რომელსაც არ უწევს არანაირი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. არც პროექტის მომზადება, არც სამშენებლო ნებართვის მიღება. გადაეცემა კონკრეტული პროექტი და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება.
ვარკეთილის მესამე მასივის განახლების პროგრამა – ეს არის 72 ჰა ტერიტორიაზე გაშენებული თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ავარიული უბანი, სადაც 5000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს და სადაც 400 შენობაა სულ.
ჩვენ შევიმუშავეთ კონცეფცია, რომელიც შედგება როგორც ვიზუალური დაგეგმარების, ასევე ეკონომიკურად გამართული მოდელირებისაგან. ტერიტორია დაყოფილია 15 სექტორად, სადაც შესაძლებელია 15 გრგ არეალის დამუშავება დეველოპერული კომპანიები მიერ და მათ ეძლევათ თანაბარი ეკონომიკური პარამეტრები და შესაძლებლობები. მთლიანი სამშენებლო მოცულობა ტერიტორიის შეადგენს 750 000 კვ.მ-ს, ხოლო პროექტის ეკონომიკური ბრუნვა კი არის ნახევარი მილიარდი დოლარი.
ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის ზღვაზე ახალი უბნის დაგეგმარება წარმოადგენს, ბოლო პერიოდში, თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნის გაზრდაზე პასუხს და მისი მიზანი ერთბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით 2300-ზე მეტი ინდივიდუალური მიწის ნაკვეთის მოწყობაა.
ვიცე-მერის განმარტებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გამოყენებული იქნება სხვადასხვა პრობლემური მიწის ნაკვეთების გამოსყიდვისა და მონაცვლეობის მიზნით.
„ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის შემოგარენში კერძო დასახლებებზე მოთხოვნა, შესაბამისად ჩვენ დავაგეგმარეთ ახალი უბანი. ეს არის 5 მილიონი კვ.მ. ტერიტორია, რომელიც მდებარეობს თბილისი ზღვის აღმოსავლეთ ფერდობზე და განკუთვნილია ინდივიდუალური განაშენიანებისთვის. საერთო ფართობი არის 2 500000 კვ.მ. ხოლო 600 000 კვ. მ. ფართობზე დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. აღნიშნული ტერიტორიების დაყოფა მოხდება რამდენიმე სექტორად და მათი განხორციელება მოხდება მუნიციპალიტეტის და კერძო სექტორის თანამშრომლობით. მთავარი კონცეფცია ამ პროექტის გახლავთ ის, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობა მუნიციპალიტეტი სოლიდური თანადაფინანსებით მოახდენს. ეს არის გზები, ველობილიკები, რეკრეაციული სივრცეები, გზაგამყოფები, მწვანე წონები, გარე განათება და სხვა“, – განაცხადა ვიცე-მერმა.