თავის, სახისა და ზედა კიდურის მრავლობითი ჭრილობა აქვთ – ექიმი დმანისში დაშავებულებზე

747

წინა სტატია

დმანისში, სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები გვიან ღამით, კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გადაიყვანეს. დაშავებულებს თავის, სახისა და ზემო კიდურის არეში, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აქვთ. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად, მიიღეს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის დახურული ტრავმებიც. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობას კლინიკაში განაგრძობენ.

“შემოყვანილია ორი მამაკაცი 38 და 45 წლის. შემოსვლისას ორივე მათგანს აღენიშნებოდა ქალა-ტვნის დაუზუსტებელი ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა. ერთ შემთხვევაში არის თავისა და სახის მრავლობითი ჭრილობა, მეორე შემთხვევაში არის სახისა და ზემო კიდურის მრავლობითი ჭრილობა”,- ამბობს ექიმი რამინ ალიევი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ დმანისის სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა. შეხვედრაზე “ნაციონალური მოძრაობის” ორი მხარდამჭერი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მიხეილ დაუთაშვილის შვილი დავით დაუთაშვილი დააკავა.