ყველას უნდა ესმოდეს, რომ არ არსებობს წარმატებული თბილისი ძლიერი საქართველოს გარეშე და არ არსებობს ძლიერი საქართველო წარმატებული თბილისის გარეშე, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.
„თბილისის მერის არჩევა არ ნიშნავს მხოლოდ თბილისის მერის არჩევას. ეს არის მთელ ქვეყანაში ცვლილებების დასაწყისი“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, დღეს საქართველოს სჭირდება მართვა და წესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ, არც ერთი გვაქვს და არც მეორე.
„არა გვაქვს ასევე სამართლიანობა. სამართლიანობა, როდესაც ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება და დღეს, ჩვენ ამ არჩევანს გვიზღუდავენ, მხოლოდ წარსულსა და აწმყოს შორის. ეს ხდება მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“, გუშინწინდელი დღეა და „ქართული ოცნება“, გვაბრუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულში, სულ უფრო სწრაფად. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად, არჩევანი უნდა გავაკეთოთ მომავლის და ავაშენოთ ძლიერი, წარმატებული სახელმწიფო“, – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ ეს არ არის ნამდვილი დებატი და კანდიდატებმა ამომრჩეველი არ უნდა მოატყუონ.
„პირველ რიგში, მივესალმები ყველა კანდიდატს, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ ეს არ არის ნამდვილი დებატი და ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა მოვატყუოთ, მაგრამ მე მაინც ვდგავარ აქ, იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მაქვს ამომრჩევლის წინაშე, თბილისელების და საქართველოს ამომრჩევლების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.