ანა ბიბილაშვილი: ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები

249

ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები და ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ქალაქს სჭირდება მასშტაბური ცვლილებები, – ამის შესახებ „ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ანა ბიბილაშვილმა აღნიშნა, ყველას დაავიწყდა ადამიანია, მათი საჭიროებები და რეალური პრობლემები.

„მე ვარ ანა ბიბილაშვილი, „ლელოს“ მერობის კანდიდატი. ახალი ვარ პოლიტიკაში? არ ვარ. თქვენ პოლიტიკას ეძახით იმას, იმ 9 წელს, რასაც გვაყურებინებთ და იმის წინა 9 წელსაც. პოლიტიკა დაარქვით იმ ურთიერთდაპირისპირებას, ძალადობას, სისხლიან ბანერებს, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და ამ დროს დაგავიწყდათ ადამიანები, ადამიანების საჭიროებები ამ ქვეყანაში და რეალური პრობლემები, რომლის წინაშეც ადამიანები დგანან. მე აქ ვდგავარ, რადგან თქვენი მოქმედებით და უმოქმედობით, ეს ქვეყანა მიიყვანეთ დაღუპვის პირას და ამ ქვეყანას წაართვით მომავალი, ადამიანებს წაართვით პერსპექტივა და იმედი. აქ ვდგავარ, რადგან თქვენ შორის, პატივისცემის მიუხედავად, ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები და ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ქალაქს სჭირდება მასშტაბური ცვლილებები“, – განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.