სამწუხაროდ, ჩვენ არათანაბარ მდგომარეობაში და პირობებში გვიწევს ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, – ამის შესახებ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი ლომიამ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ორგზის საპარლამენტო პარტიას კომისიაში წევრები წაართვა.
#დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის #არჩევნები2021 #LIVE
მსგავსი: #დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის #არჩევნები2021 #LIVE
„მე არ ვსაუბრობ იმ მანკიერ პრაქტიკაზე, როცა ადამიანებს ყიდულობენ, აშინებენ და ა.შ. „ქართული ოცნება“ უფრო შორს წავიდა და ორგზის საპარლამენტო პარტიას კომისიაში წევრები წაართვა. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამაც რჩევა მისცა, ამის გაკეთება არ შეიძლებაო“, – განაცხადა ლომიამ.
მან „ქართულ ოცნებას“ მიმართა, ხალხი შეცდომაში არ შეიყვანოს.
„დღეს ის აცხადებს, რომ თავისუფალი და ყველასთვის თანაბარი საარჩევნო გარემოა შექმნილი, რაც ტყუილია. თქვენ საარჩევნო კოდექსი საკუთარ ინტერესებს მოარგეთ. ამიტომ, ხალხს ნუ ატყუებთ და შეცდომაში ნუ შეგყავთ“, – აღნიშნა გიორგი ლომიამ.
საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.