ზაზა ხატიაშვილი: მინდა, ამ ქვეყანას, თბილისელებს დავუბრუნო სახეზე ღიმილი და მომავლის რწმენა

314

მინდა, ამ ქვეყანას, თბილისელებს დავუბრუნო სახეზე ღიმილი და მომავლის რწმენა, რომელიც დღევანდელმა მერიამ თბილისელებს წაართვა, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაზა ხატიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „დებატები 2021“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, გეგმავს, რომ თბილისის მერიისგან მოტყუებული ადამიანების უფლებები დაიცვას.

„მე ვარ ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი. პირველად ვმონაწილეობ მერის არჩევნებში და ჩემი მონაწილეობა განპირობებულია იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა შეიყვანა უფსკრულში, კორუფციის ჭაობში. ვხედავთ, რომ კოლექტიური მურუსიძე-ჩინჩალაძე გვხვდება ყველგან და გამოსავალი არ არსებობს. მინდა, ამ ქვეყანას, თბილისელებს დავუბრუნო სახეზე ღიმილი და მომავლის რწმენა, რომელიც დღევანდელმა მერიამ თბილისელებს წაართვა. მე გუშინ ღამე გავათენე მახათას მთაზე ტაძარში და იქ იყო ქალბატონი მარიამ მიტიჩაშვილი, რომელიც თბილისის მერიამ დააჯარიმა, პენსიონერი, წაართვა 26 500 ლარი, ეს ქალბატონი აგროვებდა პენსიას და დატოვა ფაქტობრივად ქუჩაში. მე მინდა, რომ ასეთი ადამიანების მერი ვიყო, რომელსაც სახეზე ღიმილს დავუბრუნებ და მერიისგან მოტყუებული ადამიანებისგან დავიცვა ჩვენი თბილისი“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.