“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დმანისის თავდასხმაში ქართული ოცნების წევრებს ადანაშაულებს და დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, პარტიის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას.
ასევე, საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიიდან მოიხსნას მათთან დაკავშირებული ადამიანები.
თინა ბოკუჩავას თქმით, დმანისში ოპოზიციის კანდიდატსა და აქტივისტებზე დღეს მომხდარი თავდამსხმელების ჯგუფს “ხელმძღვანელობდა წარსულშიც პოლიტიკურ ძალადობაში მონაწილე პირი, ზურაბ ოკმელაშვილი. მისი შვილი, მაკა ოკმელაშვილი არის დმანისში ქართული ოცნების სიის მესამე ნომერი”.
ბოკუჩავასვე განცხადებით:
“დავით დაუთაშვილი არის “ოცნების” ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთავშვილის შვილი – მან ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს. არსებობს ამის დამდასტურებელი კადრები. არსებობს უამრავი მოწმე. თავად მიხეილ დაუთაშვილი ადგილზე წარმოდგენილი იყო ცეცხლსასროლი იარაღით.
შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ, დააკავონ ეს მოძალადეები”, – ამბობს ენმ-ის წევრი.
მისივე განცხადებით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა მხოლოდ უშუალოდ თავდასხმაში მონაწილე ადამიანებს, არამედ ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირებს.
“ისინი საკუთარი რიტორიკით, განცხადებებით, კამპანიით – მათ შორის, სისხლიანი პლაკატებით, საკუთარი მოქმედებებით, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმით ახალისებენ ამგვარ ძალადობას.
ნორმალურ ქვეყანაში უნდა მოიხსნას კანდიდატი, ასევე, მათთან დაკავშირებული ყველა პირი სიიდან.
მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიურმა კორპუსმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა მოახდინონ დროული რეაგირება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მომავალში ამგვარი ძალადობრივი მოქმედებები”. – თქვა თინა ბოკუჩავამ.
დმანისში, სოფელ განთიადში მოქმედ მერს – გიორგი ტატუაშვილს, რომელიც ენმ-ის მერობის კანდიდატია, ასევე კახა ოქრიაშვილს და მათ მხარდამჭერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილია ოპოზიციის 2 აქტივისტი.
კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, თავდამსხმელები ქართული ოცნების აქტივისტები იყვნენ. თავდამსხმელებად მანაც ზურაბ ოკმელაშვილი, “ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი დაასახელა.