აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების საკითხი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

328

აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

საკითხი სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა წარადგინა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა საანგარიშო პერიოდში 120 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შესრულების 86%-იანი მაჩვენებელია. 108 მილიონი ლარია (84 %) საშემოსავლო გადასახადების ნაწილში, სხვა შემოსავლები კი 4 მილიონ 800 ათას ლარს აჭარბებს, რაც შესრულების 101 %-იანი მაჩვენებელია. მინისტრის თქმით, ამავე პერიოდში ხარჯვითი ნაწილი 76 % -ით შესრულდა და 98 მილიონ ლარს გადააჭარბა და მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეფერხებულა.

სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ეპიდვითარებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. მომხსენებლის განცხადებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორი კვარტლის შესრულების მაჩვენებელი 77 %-ია, რაც ეპიდვითარებამ განაპირობა – 2020 წლის ბოლოს აჭარაში 45 საკარანტინე სივრცე და 11 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებდა, 2021 წლის მეორე კვარტალში კი, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, 1 საკარანტინე სივრცე და 2 კოვიდსასტუმრო მუშაობდა.

ძირითადი მოხსენების შემდეგ, ჯაბა ფუტკარაძემ კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.