კახეთის რვა მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატებს შორის, მხოლოდ ერთი ქალია. მერობის ერთადერთი ქალი კანდიდატი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტშია დასახელებული. ამის შესახებ რადიო ჰერეთ წერს.
მერის თანამდებობის მოსაპოვებლად, რეგიონში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 19 კანდიდატი იბრძვის.
ქალების სიმცირეა მუნიციპალიტეტების საკრებულოში მანდატის მოსაპოვებლად მებრძოლ კანდიდატებს შორისაც.
სოფლებში წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და პარტიული სიის წევრებს შორის, უმრავლესობა მამაკაცია.
სავალდებულო გენდერული კვოტა, საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, თუმცა ის პარლამენტში ქალების არჩევას უკავშირდებოდა და თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიების უმრავლესობას ეს პრინციპი არ გაუთვალისწინებია.
გამონაკლისს წარმოადგენენ ” ევროპული საქართველო” და ” ლეიბორისტული პარტია” რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობისათვის, სხვებთან შედარებით მეტი ქალი დაასახელეს. ქალი კანდიდატების ნაკლებობაზე თვითმმართველობის არჩევნებში, პოლტიკური პარტიები კომენტარს არ აკეთებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრი, მედეა ჩაფურიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებში აქტიური ქალების ნაკლებობაა. ” თვითმმართველობებთან არსებული გენდერული საბჭოები უფრო მოწყვლად ჯგუფებზე მუშაობენ. თუმცა, ჩემი პირადი აზრით, თავად პოლიტიკურ პარტიებში აქტიური ქალების ნაკლებობაა და ამის გამო, კანდიდატების სიაც ღარიბია.
არის მანკიერი მიდგომაც, თითქოს არჩევნებს მამაკაცი უფრო მოიგებს, ვიდრე ქალი”- განაცხადა ჩაფურიშვილმა. წარმომადგენლობით ორგანოებში ქალების მონაწილეობის რაოდენობით, საქართველო ბოლო ადგილზეა.