„ბორჯომში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ტაბაწყურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვიდია ირიციანმა კანდიდატურა მოხსნა, პარტიაში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ, ყოფილი კანდიდატი კი კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და პროპორციული სიის პირველი ნომრის, ბაკურ გელაშვილის თქმით, ვიდია ირიციანი სავარაუდო ზეწოლის მსხვერპლია, რის გამოც იგი იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა.
„როგორც ინფორმაცია მაქვს სავარაუდო ზეწოლის ფაქტები იყო ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ, მაქვს ინფორმაცია, რომ თავად მიაცილეს ოლქამდე სადაც „ქართული ოცნების“ წევრი დახვდა, რომ განცხადება დაეწერა. ჩვენთან კავშირზე არ გამოდის, ზარებს არ პასუხობს, „ქართულმა ოცნებამ“ დააწერინა განცხადება და ჩვენ შემდგომ გავიგეთ, არც თავად არ გამოსულა კომუნიკაციაზე ჩვენთან“, – ამბობს ბაკურ გელაშვილი.
ვიდია ირიციანი ზეწოლის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ იგი ქვეყნის დატოვებას აპირებს, რის გამოც გადაწყვიტა, რომ კანდიდატურა მოეხსნა.
„არ ყოფილა არანაირი ზეწოლის ფაქტი, მინდა რუსეთში წავიდე, დამირეკეს, კარგი შემოთავაზება მივიღე და იქ ვაპირებ სამუშაოდ წასვლას“, – გვითხრა ვიდია ირიციანმა.
ბორჯომში გასულ კვირას ასევე ოთხმა წევრმა დატოვა „ევროპული საქართველოც“