“შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულთან გვქონდეს საქმე” – მესამე სექტორი ბაღების სკანდალის გამოძიებას ითხოვს

813

ე.წ. ბაღების სკანდალთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობენ. მესამე სექტორი პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას, ცესკო-სგან კი რეაგირებას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციებში მიიჩნევენ, რომ სახეზეა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტები.

„აქ არის საუბარი სისხლის სამართლის დანაშაულზე და შესაბამისად  პროკურატურამ ეს საქმე უნდა გამოიძიოს და გარდა ამისა აქ არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი“,-განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„სამართლიანი არჩევნებისა” და “დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მიხეილ ბენიძის შეფასებით გამოქვეყნებული მასალა იძლევა იმის საკმარის საფუძველს, რომ ამაზე იმსჯელონ შესაბამისმა ორგანოებმა.

„სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასთან შეიძლება გვქონდეს საქმე“,-აცხადებს ბენიძე.

მისივე თქმით ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაღების სააგენტოს და ბაღებთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები.

შეგახსენებეთ, რომ სტუდია „მონიტორის“ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიებიდან ირკვევა, რომ თბილისის ბაღების დირექტორების ნაწილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენს და ანგარიშს ბაღების სააგენტოს უგზავნის.

გასაჯაროებული მასალების მიხედვით, მმართველ პარტიას გეგმაც კი აქვს დაწესებული – ერთი ბაღის დირექტორმა ადმინისტრაციას მხარდამჭერთა მინიმუმ, 100-კაციანი სია უნდა წარუდგინოს.

წყარო: რუსთავი 2