პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ნარკოტესტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს იყო დაგეგმილი სპეცღონისძიება.
“მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს — ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით — პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა, ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი”, — აცხადებს ის.
მისივე თქმით, მისი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია ამუშავებდნენ ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით.
“რა თქმა უნდა, მე მივიდოდი, იქ ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ.მეორე მხარს რა მზადდებოდა — ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით, ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა ზუსტად ვიცით და ვიღაცეებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია, ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია ოცნებიდან”, — ამბობს გახარია.
ნარკოტესტზე ლაპარაკი თბილისის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როცა თქვა, რომ თავად “სუფთაა” და სხვა კანდიდატებსაც ანალიზის გაკეთებისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, გახარიამ განაცხადა, რომ მის ნარკოტესტთან დაკავშირებით მმართველი გუნდი გარკვეულ პროვოკაციას გეგმავდა, რის შემდეგაც მან, ნარკოტესტის ჩასაბარებლად ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. 17 სექტემბერს გახარიამ ავსტრიაში ჩატარებული ნარკოტესტის პასუხები გააასაჯაროვა, რის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი ნარკომომხმარებელი არ არის.
ამის შემდეგ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კლინიკა, სადაც გიორგი გახარიამ ნარკოტესტი გაიკეთა, ევროპაში ერთადერთია, რომელსაც პოლიტიკური სკანდალი უკავშირდება.