ანა ბიბილაშვილი: კალაძის პარალელური თბილისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია

306

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის განცხადებით, კახა კალაძის განცხადება, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, ციფრებით მანიპულაციაა და „რეალობა ძალიან მძიმეა“.

როგორც ბიბილაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში თბილისში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. მისივე თქმით, დედაქალაქში არსებული ჰაერის ხარისხი განპირობებულია „ქაოტური მშენებლობებითა და სატრანსპორტო კოლაფსით“.

„რამდენიმე დღის წინ კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც არის სრული მანიპულაცია ციფრებით, რელობა არის ძალიან მძიმე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია. ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს. ისევ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობა საქართველოში 3-ჯერ მეტია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 8 წლის განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა სასუნთქი დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა იზრდება ყოველწლიურად. ეს არის ჰაერის ხარისხის მთავარი პრობლემა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკოლოგიაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ვსაუბრობთ ჩვენი შვილების, ბავშვების, ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლეზე და ჯამრთელობაზე, ეს არის უპირველესი ღირებულება. ჰაერის ხარისხი არ იზომება ჰაერზე და დამოკიდებულია ქაოტურ მშენებლობაზე – კალაძის მმართველობის პირობებში დაახლეობით მილიონ კვადრატულ მეტრამდე მშენებლობის ნებართვა გაიცა სრულიად ქაოტურად. დღეს მშენებლობები თბილისში აბინძურებს ჰაერს. მეორე უმთავრესი დამაბინძურებელია სატრანსპორტო კოლაფსი, რომელიც არ დამთავრდა თბილისში. ყოველ დღე საცობრში თუ ვხვდებით, უნდა ვიცოდეთ, რომ ვაბინძურებთ ჰაერს, რომელიც უპირველესად და ყველაზე მძიმედ მოქმედებს ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე.

ასევე გამწვანების არასწორი პოლიტიკაა – რატომღაც კალაძე სიამაყით აცხადებს ხოლმე, რომ გამწვანების პოლიტიკა სწორია. სკვერები და ბუჩქები ვერ აწესრიგებს ქალაქის ეკოლოგიას. დღეს რეალურად ჰაერის ხარისხი თბილისში არის უმიმესი იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 30 წელშიც კი, არცერთი სწორი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ამ ქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულიყო, რაც ნიშნავს რომ, რომ არცერთი ნაბიჯი არ იდგმება იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ. ქალაქისთვის პრიორიტეტი არის ჩვენი შვილების ჯანმრთელობა, ადამიანების სიცოცხლე“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.