სადახლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელები “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრაზე წაიყვანეს

1039

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის გამო მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მორიგი შემთხვევა სოფელ სადახლოში მოხდა, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატების წარდგენას ადგილობრივი მეორე სკოლის და მიმდებარე სოფლების სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ.

სადახლოში გამართულ შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად მათი მასწავლებლები და სკოლის დირექტორები ესწრებოდნენ.

„დავინტერესდი სად წავიდნენ ჩემი მოსწავლეები გაკვეთილების დროს და გადავწყვიტე, რომ თვითონ წავსულიყავი. როდესაც მივედი მაშინვე მივხვდი, რომ იყო საარჩევნო შეხვედრა, „ქართული ოცნების“ დროშები ფრიალებდა. გასაგებია, რომ იყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრა. იყო სიტყვით გამოსვლა, მოწოდება დამსწრეებისთვის რომ ხმა მიეცათ „ქართული ოცნებისთვის.“ სკოლას არანაირი საქმე არ აქვს არჩევნებთან, საარჩევნო პროპაგანდასთან არაფერი არ ესაქმება, არც დირექტორს, არც მასწავლებელს და მით უმეტეს მოსწავლეს, რომელიც საერთოდ არ მონაწილეობს არჩევნებში,“-განაცხადა სადახლოს მეორე საჯრო სკოლის პედაგოგმა, ნათია მანიამ.

შეხვედრაზე მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც, სავარაუდოდ სწორედ დირექტორებმა წაიყვანეს. პედაგოგები აცხადებენ, რომ შეთავაზება, მონაწილეობა მიეღოთ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრაში, უშუალოდ დირექტორებისგან მიიღეს.

სადახლოს მეორე საჯარო სკოლის მასწავლებლები ყვებიან, რომ საარჩევნო შეხვედრაზე თავდაპირველად გაიმართა კონცერტი, მოგვიანებით კი შეხვედრას „ქართული ოცნების“ მარნეულის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები შეუერთდნენ.

„იყო ოცნების კანდიდატზე საუბარი, რომელსაც კარგად ვიცნობთ, არ ვიცნობთ, ვის შევხვდეთ, იყო ასეთი შიდა საუბრები და ასევე იყო საუბარი რომ მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით უნდა წავსულიყავით, როგორც მოსწავლეები ისე მასწავლებლები. მე რა თქმა უნდა არ წავსულვარ ამ შეხვედრაზე, ნათია წავიდა, ხოლო მე დავრჩი იმ მოტივით, რომ ჩამეტარებინა ჩვენი მოსწავლეებისთვის გაკვეთილები, ვინც ვერ ჩაეტია ამ მარშუტკებში და უკან მობრუნდა,“-აცხადებს სადახლოს მეორე სკოლის პედაგოგი ჯულიეტა ქვარაია.

წყარო: რუსთავი 2