“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყვება, როგორ განხორციელდა გუშინ მის მიმართ ზეწოლა.
ნიკა საკანდელიძის თქმით, მას უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთეს და “ქართული ოცნების” სამტრედიის ოფისში დაშინებით დააწერინეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.
საკანდელიძე ასევე აცხადებს, რომ გარკვეული პირები მას ოჯახით, კერძოდ, კი შვილებით ემუქრებოდნენ.
“როდესაც სახლიდან გამოვედი ეზოში, დავინახე ავტომობილი იდგა სახლის წინ, შემდეგ დამიძახეს – გავსულიყავი, ჩავმჯდარიყავი მანქანაში და გავსაუბრებოდი. ავტომობილში სამი პიროვნება იმყოფებოდა, მათ მითხრეს, რომ მომეხსნა კანდიდატურა. როდესაც წამიყვანეს ვუთხარი, რომ ვეკუთვნოდი ბაში-იანეთს, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამტრედიასთან და ვუთხარი, რომ ხელს არანაირად არ ვუშლიდი. უკვე ვიცოდი რა თემაზე აპირებდნენ საუბრის დაწყებას, შემდეგ საუბარი ჩემს სამ შვილზე დაიწყეს და გამიმახვილეს ყურადღება, რომ ისინი დროს აქ მდებარე სტადიონზე თამაშში ატარებდნენ და იმ შემთხვევაში თუ მე კანდიდატურას არ მოვხსნიდი, მე მათ ვეღარ ვნახავდი და თუ მოვხსნიდი ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც აქამდე. ასევე მითხრეს, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი, რომელიც მაქვს მომიხსნიდნენ. ეს ზეწოლა მიმდინარეობდა რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ მიმიყვანეს “ქართული იცნების” სამტრედიის შტაბში, როდესაც ოფისში მივედით დამაწერინეს განცხადება, განცხადების წერისას ანერვიულებული ვიყავი და ვერ ვწერდი კარგად, მაშინ მითხრეს, რომ ჩემამდე იყო მისული ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც 2 წუთში დაწერა ეს განცხადება, შემდეგ გავიგე, რომ პიროვნება, რომელმაც იგივე განცხადება დაწერა მაჟორიტარობის კანდიდატურიდან მოხსნის თაობაზე, პარტია “ლელოს” ნაბაკევის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. მიკვირს, როგორ გაიგო ტელეკომპანია “იმედმა” ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მე განცხადება დაწერილიც არ მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ვარ, ყველანაირი ტანჯვა, გაჭირვება მაქვს გადატანილი, ვიცი ის ხალხი, როგორ ცხოვრობს ბაშში, ვიცი როგორ ტერორში არიან, მაშინ, როდესაც მე მათთან მივდივარ მესაუბრებიან და მეუბნებიან, რომ ჩუმად არავინ გაიგოს ამ საუბრის შესახებ, მეუბნებიან, რომ ჩემს გვერდით ყოფნა სურთ, მაგრამ ეშინიათ, მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. რაც შეეხება კანდიდატურის მოხსნის განცხადების დაწერას, ეს ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების გამო გავაკეთე, მე თუ ჩემი ოჯახი და შვილები არ მიყვარს, თქვენ, როგორ შეგიყვარებთ”, – განაცხადა ნიკა საკანდელიძემ.