დიღმელაშვილი: ცესკოს სპეციალურ სარეკომენდაციო ჯგუფში გაწევრიანებული ორგანიზაციები „საეჭვო რეპუტაციისაა და პროსახელისუფლებო განცხადებებით გამოირჩევიან“

680

წინა სტატია

შემდეგი სტატია

„სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” ერთ-ერთი წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ს სპეციალურ სარეკომენდაციო ჯგუფში გაწევრიანებული ორგანიზაციები „ძალიან საეჭვო რეპუტაციის არიან და პროსახელისუფლებო საჯარო განცხადებებით გამოირჩევიან“.

„სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, აღნიშნული ორგანიზაციების რეკომენდაციებთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ.

„19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო-ში სპეციალური სარეკომენდაციო ჯგუფი უნდა შექმნილიყო, რომლის შემადგენლობაშიც თავდაპირველი ინიციატივით, საერთაშორისო სადამკვირვებლო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სახალხო დამცველის აპარატი უნდა შესულიყო, თუმცა აღნიშნული საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობის პროცესში არ ჩაერთო საერთაშორისო დამკვირვებლები, ასევე ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები რაც კი საქართველოში არსებობს, მათ შორის „თავისუფალი არჩევნები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. მიზეზი კი, მათი განცხადებით, არის შემდეგი, რომ „ჯგუფის წევრების შესარჩევად მოწვეული ორგანიზაციების შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას“.

ცესკო-ს თავდაპირველ დადგენილებაში ეწერა, რომ ამ ასოციაციაში შემავალი წევრები სრული კონსენსუსის საფუძველზე უნდა შერჩეულიყვნენ, თუმცა ზაფხულში ისარგებლეს მდგომარეობით და შეცვალეს დადგენილება, ორგანიზაციების შერჩევის წესი და სრულ კონსენსუსს აღარ მოითხოვს საკონსულტაციო ჯგუფში ყოფნა, შესაბამისად, ჯგუფი დაკომპლექტდა ძალიან საეჭვო რეპუტაციის, ფინანსურად გაუმჭვირვალე ორგანიზაციებით. ისინი გამოირჩევიან პროსახელისუფლებო საჯარო განცხადებებით. ამ 15 ორგანიზაციიდან, რომელიც საკონსულტაციო ჯგუფში შედის, 9 არის ორგანიზაცია, რომელიც ცესკო-ს გრანტიორია, მათ ჯამში 2 მილიონი ლარი აიღეს და ბევრი მათგანი საერთაშორისო ანგარიშებში ისეა მოხვედრილი, როგორც „არასანდო, ფინანსურად გაუმჭვირვალე ორგანიზაცია“. მოვუწოდებთ საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციებთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ. მათი ზოგადი საქმიანობა და წარსული ძალიან სერიოზულ კითხვებს ბადებს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

ცესკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციების წარსადგენად საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა.