ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებულმა იურისტმა, მარინა აბულაძემ, ახალციხის რაიონულ სასმართლოში საჩივარი შეიტანა. იგი სამსახურში აღდგენას, განაცდური საათების ანაზღაურებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
აბულაძის უფლებებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, თეა თედლიაშვილი დაიცავს. უახლოეს პერიოდში, სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს მარინა აბულაძის დაც, თამარ აბულაძეც, რომელიც წლების განმავლობაში ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. ორივე მათგანი სამსახურიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს.
„ჩვენ იმავე დღეს შევსთავაზეთ ორივე დებს მათი ინტერესების დაცვა. შესაბამისად ამ საქმეზე მუშაობა დავიწყეთ. მარინა აბულაძის სარჩელი უკვე შეტანილია სასამრთლოში, ხოლო თამარ აბულაძისას, უახლოეს დღეებში შევიტანთ“,– ამბობს თეა თედლიაშვილი.
ა(ა)იპ–ის უკვე ყოფილი იურისტი, თამარ აბულაძე დარწმუნებულა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მის სასარგებლოდ გამოიტანს.
„ასეთი უსამართლობის წინაშე, მაქვს დადებითი მოლოდინი, ყველა ასპექტში მართალი ვარ“,– ამბობს იგი.
რაც შეეხება თამარ აბულაძის საქმეს, როგორც ადვოკატი, თეა თედლიაშვილი ამბობს სარჩელს უახლოეს პერიოდში შეიტანენ. საკრებულოს აპარატის უფროსს, გათავისუფლებიდან დღემდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე–ჯავახეთში კოორდინატორის, ლევან თათოშვილის თქმით, თამარ და მარინა აბულაძეები (დედა და დეიდა) სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე, ორივე მათგანი სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა 24 აგვისტოს კაბინეტში დაიბარა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მეორე დღეს, 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. მოგვიანებით მარინა აბულაძე ახალციხეში, პარტია “გახარია საქართველოსთვის” სიის პირველი ნომერი გახდა.