„წულუკიანმა გელათი ისევ ჩაკეტა“, – ასეთი შინაარსის საპროტესტო აქციებს გეგმავს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩემი სახლია“.
ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, თორნიკე ბარათაშვილის განცხადებით „არაპროფესიონალებმა ჩააგდეს გელათი იმ მდგომარეობაში, რომელიც ახლა სახეზეა“.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამინისტრომ დაკეტა მონასტერი ისე, რომ არ გააფრთხილა საზოგადოება მიზეზების შესახებ.
„ექსპერიმენტები საზიანოა გელათისთვის“ – აცხადებს ბარათაშვილი.
თავის მხრივ, კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს გელათში იტალიელი ექსპერტის ჩამოვლის შესახებ. უწყების განმარტებით, ექსპერტის ჩამოსვლის მიზანია ფრესკების მდგომარეობის მონიტორინგის მოახდენა და 5 ქართველი რესტავრატორის ტრენინგი.
გელათის დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებაში არაფერია ნათქვამი.