მეზვრიშვილი პროკურატურას: გამოიძიეთ ჩვენი წევრებისა და მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისტემური ხასიათი

376

პარტია “საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გამოძიების თხოვნით პროკურატურას წერილობით მიმართა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ პროკურატურისთვის მიმართვას ზეწოლის 100-ზე მეტი დოკუმენტირებული ფაქტი დაურთო.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, უნდა ჩატარდეს ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება, რაც საქმეზე სიმართლის დადგენისთვის არის აუცილებელი.

„კიდევ ერთხელ და ახლა უკვე წერილობით მივმართავ საქართველოს პროკურატურას ჩვენი წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სისტემურ დევნაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. წერილობითი განცხადება 100-ზე მეტი ფაქტით დღესვე წარედგინება საგამოძიებო უწყებას ჩვენი პარტიის მხრიდან. მოვითხოვთ, პირველ რიგში, პროკურატურამ გამოიძიოს პარტიის წევრების და მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისტემური ხასიათი, გამოიძიოს „ოცნების“ მხრიდან ძალოვანი უწყებების გამოყენებით შიშის დანერგვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წევრების და მხარდამჭერების დევნა, მუქარა, ზეწოლა ადამიანებზე, ზეწოლა ბიზნესზე.

დღეის მდგომარეობით, „ოცნების“ პარტიული გავლენის ქვეშ მყოფი ძალოვანი უწყებები ცდილობენ, გამოიყენონ შიშის ქვეშ მყოფი დაზარალებულების დუმილი და საზოგადოება მოატყუონ, თითქოს დანაშაული არ მომხდარა. ამ ხაზს ავითარებენ ფორმალურად, 2 და 3 ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც ჩვენთვის გუშინ გახდა ცნობილი.

მეშვიდე ბრიფინგია, რომელსაც დანაშაულის შესახებ ვატარებ. „ოცნებამ“ 4 თვის განმავლობაში სისტემურ დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინა, რითაც, პრაქტიკულად, წაახალისა დანაშაული. პარალელურ რეჟიმში, მთელი სახელმწიფო მანქანის გამოყენებით, გააძლიერა წნეხი, გაამრავალფეროვნა პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები და ახლა, როდესაც დევნამ პიკს მიაღწია – არჩევნების წინა დღეებში გადაწყვიტა ფორმალურად ვალის მოხდა, სისტემის მიერ დაშინებული ადამიანების დუმილის ერთადერთ მტკიცებულებად გამოყენება და უბრალოდ მოტყუება. სამართალდამცავების ძალისხმევა, სამწუხაროდ, არ არის მიმართული სიმართლის დადგენისკენ და ეს მაშინ, როდესაც დევნა გრძელდება, მაგალითად, ხაშურის მერობის კანდიდატის ზვიად ტეფნაძის მიმართ და უშუალოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ ზეწოლა განხორციელდა, დაემუქრნენ, მათ შორის ბიზნესზე ზეწოლით და დღეს უკვე შემოსავლების სამსახური შევიდა მის კომპანიებში და მუქარა სისრულეში მოიყვანეს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მან „ქართულ ოცნებასაც“ მიმართა და აღნიშნა, რომ პარტიის მიერ გამოყენებული მეთოდები არ იძლევა სამართლიან და მშვიდ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გუნდს ასე ვერ მოატყუებთ – ნამდვილად არ მოგცემთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლებას. ამ კატეგორიის დანაშაულის გამოძიება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ასე არ ხდება, ჩვენი მხარდამჭერების მიმართ დევნას, ბუნებრივია, ჩავყვებით ბოლომდე და სიმართლეს აუცილებლად დავადგენთ. ამიტომ, პროკურატურას მივმართავ – გამოიძიეთ თითოეული ფაქტი და გამოიძიეთ, რა დგას შიშით მდუმარე ზოგიერთი დაზარალებულის დუმილის უკან. გამოიძიეთ, პირველ რიგში ეს. გამოძიება ასეთ მძიმე ბრალდებაზე, ჩემზე უკეთესად იცით, რომ არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ გამოკითხვით. ამიტომ, ჩაატარეთ გამოკითხვის მიღმა ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება, რაც საქმეზე სიმართლის დადგენისთვის არის აუცილებელი. გამოიძიეთ სრულყოფილად, დროულად, ობიექტურად, ვინაიდან, „ოცნებას“ მივმართავ – თქვენს მიერ გამოყენებული მეთოდები არ იძლევა სამართლიან და მშვიდ გარემოში წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას. ჩვენი პარტიისთვის ეს შესაძლებლობა დღეს რეალურად არ არსებობს, რაც არ უნდა იძახდეს თქვენი პარტიის თავმჯდომარე, რომ თითქოს, წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი და სამართლიანი”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.