“კალაძის პარალელური თბილისი – მოქალაქეები შიმშილისა და უშუქობის ზღვარზე” ამ სახელწოდებით, დღეს “ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ბრიფინგი გამართა. ბიბილაშვილი სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ისაუბრა.
ბიბილაშვილის თქმით, კიკვიძის პარკთან, ქსოვრელის ქუჩაზე კომპაქტურად შესახლებული სოციალურად დაუცველები, დღემდე ელოდებიან კომუნალური პრობლემების მოგვარებას, თუმცა მათ მერია კვლავ უყურადღებოდ ტოვებს. ეს არის კალაძის პარალელური თბილის, რეალური თბილისი კი ასეთია, ადამიანებს ათ წლიანი უშედეგო დავა აქვთ სასამართლოში, რომ ელექტრო ენერგია მიიღონ.
„ლელო“ იბრძვის იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი და გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები.
„ქსოვრელის ქუჩაზე სკოლის შენობაში შესახლებულები არიან ოჯახები, ადამიანებს ჰყავთ ჩვილი ბავშვები, არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტებიც და ამ შენობაში მათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვთ. არ აქვთ ელექტროენერგია, 21-ე საუკუნის თბილისში როგორ შეიძლება ამ პირობებში აცხოვრო ადამიანები. ისინი დღეს იბრძვიან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომ ნორმალურ პირობებში შეძლონ ბავშვების აღზრდა. ამ ხალხს სჭირდება გადაწყვეტილებები, რომ მათ შეძლონ სრულფასოვნად ცხოვრება და განათლებასთან წვდომა. ათი წელი დასჭირდა ამ ხალხს ბრძოლა იმისათვის, რომ ბავშვები ოდნავ უკეთეს პირობებში აცხოვრონ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც სკოლაში იმის გამო ვერ შეიყვანეს ბავშვები, რომ არ აქვთ ელექტროენერგია და ვერ დაესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს. დღეს ელექტრო ენერგიის მიწოდებაზე არ უნდა ვესაუბრებოდეთ ადამიანებს, ეს არ არის ზრუნვა ხალხზე, ეს არ არის დამოკიდებულება მათ მიმართ. ქალაქმა ამ ადამიანებზე უნდა იზრუნოს,“-აცხადებს ანა ბიბილაშვილი.
გაუსაძლის პირობებში ცხოვრებას ადასტურებს ქსოვრელის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, მისი თქმით ათი წელია უშედეგოდ დავა აქვთ სასამართლოსთან, რომ მიიღონ ელექტრო ენერგია. ამის გამო კი ბავშვებს შესაბამის განათლებას ვერ აძლევენ, ვერ დაჰყავთ სკოლასა და ბაღში.