“ეს არჩევნები გასცდა მუნიციპალურ მნიშვნელობას და მერწმუნეთ, ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვექნება ამ მუნიციპალურ არჩევნებზე იქნება ცვლილებების დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში,”- ამის შესახებ გიორგი გახარიამ ახალციხეში კანდიდატების წარდგენის დროს განაცხადა.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ დღეს ახალციხის მერობის კანდიდატი გიორგი არველაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.
„მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს აქ ხართ, ფაქტობრივად, დღეს თქვენი აქ ყოფნა, ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო გმირობაა. ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ, ვაფასებთ და მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ჩვენი პარტიის თითოეული წევრი, ძალიან აფასებს თქვენს ამ გაბედულ ნაბიჯს. მოგეხსენებათ თქვენ, რომ ჩვენ დაახლოებით 3 თვის წინ ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ. ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული სიტყვები, რამეთუ ჩვენთვის ბრძოლა არ არის თვითმიზანი, ჩვენ ვინმესთან ბრძოლის და ურთიერთობის გარკვევის დრო არ გვაქვს. ჩვენ გვჭირდება დღეს შრომა, საქართველოს მომავლისთვის, ერთობლივად ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. რა არის ახლა აქ მთავარი? მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში ქვეყანაში იქნება მუნიციპალური არჩევნები, მაგრამ ეს არჩევნები გასცდა მუნიციპალური არჩევნების დონეს და მუნიციპალურ მნიშვნელობას და მერწმუნეთ, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვექნება ამ მუნიციპალურ არჩევნებზე იქნება ცვლილებების დასაწყისი ჩვენს ქვეყანაში” – განაცხადა გიორგი გახარიამ.