„ქართულმა ოცნებამ“ ქარელში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კადრები მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, კადრებში ჩანს, რომ ინციდენტის შემდეგ ოპერატორი უგონოდ არ იმყოფება.
მან ასევე განმარტა, რომ ვიდეომასალა ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის წინ დამონტაჟებულმა კამერამ გადაიღო.
„ჩვენი შტაბის წინ ქარელში არის კამერა, რომელმაც გადაიღო გარკვეული ეპიზოდი. გვარამიამ გუშინ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ოპერატორი გადმოვარდნის შემდეგ იყო უგონო მდგომარეობაში. ასევე ის ამბობდა, რომ როდესაც სასწრაფოში რეკავდა ბექა ყორშია, ოპერატორი მაშინაც უგონოდ იყო. კადრში ხედავთ ოპერატორს, რომელიც გადაადგილდება კამერასთან ერთად, შემდეგ ჯდება და არანაირ უგონო მდგომარეობასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, იმისთვის რომ მოხდეს მანიპულაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი ოპერატორი ლევან აბლოთია „ქართული ოცნების“ ქარელის შტაბის წარმომადგენლებმა მეორე სართულიდან გადააგდეს, რასაც მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ლევან აბლოთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.