ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. მარნეულის მერობისათვის სამი კანდიდატი იბრძოლებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„ქართული ოცნებიდან“ კენან ომაროვი, „ევროპული საქართველოდან“ აჰმედ იმამკულიევი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელდარ მუსტაფაევი.
სამივე კანდიდატიდან ამ ეტაპზე წინასაარჩევნო პროგრამა მხოლოდ ერთს, ელდარ მუსტაფაევს აქვს. რადიო „მარნეულთან“ საუბირსას „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებისათვის სრულფასოვანი პროგრამა არ შეუდგენია, რადგან არჩევნების მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ დამარცხებაა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამას, პარტიაში გვპირდებიან რომ გამოგვიფზავნიან, მაგრამ უცნობია თუ როდის.
„ძვირფასო მარნეულელებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გამოვხატო უთანასწორო ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. მე, ჩემს გუნდთან ერთად, მუდამ თქვენს სამსახურში ვიქნები და მარნეულის კეთილდღეობისთვის ერთად ვიზრუნებთ. ვიქნები შუამავალი ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა მარნეულის მუნიციპალიტეტში თითოეული გლეხის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა მოხდეს; მოგვარდება სასმელი და სარწყავი წყლის, ყველა სოფლისა და ყველა ქუჩის მოასფალტების, ყველა ქუჩის განათების, გაზიფიცირების პრობლემები“ – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის მერობის კანდიდატის პროგრამაში
ელდარ მუსტაფაევი მარნეულელებს ასევე ჰპირდება, რომ მოხდება ტურისტული პოტენციალის განვითარება, კულტურისა და სპორტის სფეროს მიზნობრივი მხარდაჭერა და უსახლკარო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა. მუსტაფაევი ამომრჩეველს ასევე ჰპირდება, რომ შეიკვეცება ბიუროკრატიული ხარჯები, ხოლო დაზოგილი თანხა შეჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება, ამას გარდა დასრულდება ვიწროპარტიული ინტერესები და ჩვენს ახალგაზრდებს ექნება პერსპექტიული მომავალი და თითოეულს მიეცემა საშუალება დასაქმდეს საჯარო სამსახურში და ემსახუროს თავის ქვეყანას.
მუსტაფაევი წინასაარჩევნო პროგრამაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმის დღეა, როდესაც მოქალაქეები უმნიშვნელოვანეს არჩევანს გააკეთებნ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო დაპირებას, იმამკულიევის მიერ გამოქვეყნებულ ბუკლეტში ვკითხულობთ, რომ მისთვის ნდობის გამოცხადებით, მარნეულელები აირჩევენ საიმედო, კომპეტენტურ და ბრძოლისუნარიან მოკავშირეს.
„ახმედ იმამკულიევი, ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი მარნეულში, სწორედ ის ლიდერია, რომელსაც ესმის მარნეულის პრობლემები და იმსახურებს მარნეულის მოსახლეობის ნდობას. მისი მხარდაჭერა მარნეულის სრული პოტენციალის ათვისებას ნიშნავს. ევროპული საქართველოსთვის მიცემული თითოეული ხმა და ჩვენი კანდიდატების გამარჯვება არის დაბალი გადასახადების, გამართული მართლმსაჯულების, გაწონასწორებული ძალაუფლების და თავისუფალი სამყაროს წევრობის მხარდაჭერა“ – აღნიშნულია ახმედ იმამკულიევის მიერ გამოქვეყნებულ ბროშურაში
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქრომბერს გაიმართება. მარნეულის მასშტაბით სულ 90 საარჩევნო უბანი იქნება გახსნილი. არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს სამ ბიულეტენს დაურიგებენ რომლის მეშვეობითაც ისინი აირჩევენ მარნეულის მერს, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატსა და საკრებულოში პროპორციული სიით შემავალ პარტიას.