ხახალეიშვილი: ერთად ვაქცევთ ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად

375

ერთად ვაქცევთ ქუთაისს ტრადიციების და ინოვაციების ქალაქად,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს შეხვდა.

იოსებ ხახალეიშვილმა 9 თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტების გარდა, ქუთაისის განვითარების მთავარ მიმართულებებზე, კულტურის და განათლების ცენტრად ფორმირებაზე, ჯანდაცვის და სოციალურ სფეროზე, ინფრასტრუქტურულ გეგმებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე დასრულდა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის ხედვის ეტაპი. ჩამოყალიბდა 4 მნიშვნელოვანი მიმართულება. ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკოქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში. ამის საფუძველს ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აძლევს. ეს უნივერსიტეტი ხელშემწყობი ფაქტორია არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. ქუთაისი უკვე გახდა ტურისტულად მნიშვნელოვანი ლოკაცია, რაც აეროპორტისა და ახალი ტერმინალის დამსახურებაცაა. ჩვენი ქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის და სერიოზულად პოზიციონირებს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ“- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.

როგორც პარტია „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნავენ, მერობის კანდიდატისთვის გამარჯვების შემთხვევაში მთავარი მიზანი და გამოწვევა ქუთაისის თანაბარი განვითარებაა, ქალაქის, რომელსაც დიდი ტრადიციების ისტორია აქვს და მომავალში – ინოვაციებისთვის სასურველ ადგილად უნდა იქცეს. შეხვედრა საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის ფორმატში წარიმართა.