„ნაცმოძრაობის” ქობულეთის მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მათი პარტიული სიის პირველი ნომრის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს

291

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის მერობის კანდიდატი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ მათი პარტიული სიის პირველი ნომრის, არჩილ ჯაფარიძის პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არჩილ ჯაფარიძე პროკურატურაში გაურკვეველი მიზეზით დაიბარეს.

“ქობულეთში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველი ნომერი და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ ჯაფარიძე, პროკურორმა ზვიად იზორიამ თბილისში პროკურატურაში დაიბარა და განუმარტა, რომ არჩილ ჯაფარიძეს არასასურველ პირთან ჰქონდა კომუნიკაცია სამი თვის წინ. მივიჩნევთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. არჩილ ჯაფარიძე ღირსეული კანდიდატია და მისი პოლიტიკური განეიტრალება სურთ, რაც არ გამოუვა “ქართულ ოცნებას”. 2 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიზირებულ პროკურატურას პასუხი გაეცემა”, – აცხადებს ბონდო თედორაძე.