მე ასეთი დავალება, რომ უკანონო ჩანაწერები განეხორციელებინათ, არ გამიცია. ვინ რას ახორციელებდა, ამის დასადგენად გამოძიება დაიწყო. რაღაცას იმუქრებიან, რაღაცა მინიშნებებია. ამასწინათ გამოსულა პარტიის თავმჯდომარე და უთქვამს, რომ გახარიაზე სიმართლის მოყოლას გავაგრძელებთო, შეიძლება მეც ვყავართ სადღაც ჩაწერილი, აჩვენონ ერთი, ძალიან მაინტერესებს რას აჩვენებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების რესურსი ამოწურა და ამ რესურს სახელმწიფო ინსტიტუტებით ანაცვლებს.
„მე რაც მოვისმინე „ქართული ოცნების“ ბოსები ისე ალაგებენ სიტყვებს, რომ გასასვლელებს იტოვებენ ყველგან, იმის თავიც არ აქვთ, რომ პოზიცია ჩამოაყალიბონ. ამბობენ, რომ ამ მასალებში ტყუილ-მართალია. რაც ჩვენ მოგვერგება იმას მართალს დაუძახებენ. ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ გაუგონარია უბრალოდ. სადაც უნდათ, როცა უნდათ ამას დანაშაულს დაარქმევენ. ეს არის მძიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მას ძალაუფლების შენარჩუნების პოლიტიკური რესურსი უკვე აღარ გააჩნია და სახელმწიფო ინსტიტუტების კანიბალიზაციას ახდენს. დღეს „ოცნებას“, რომელიც ქართული აღარ არის, უკვე პოლიტიკური რესურსი არ აქვს. ეს რესურსი რაღაცით ხომ უნდა ჩაანაცვლოს, სახელმწიფო ინსტიტუტებით ანაცვლებს და ამით სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაციას ახდენს. ეს არის ფუნდამენტური და სტრუქტურული პრობლემა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.