რუსთავის საკრებულომ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი, რომელიც 5 თვის წინ შეიცვალა, არ დაამტკიცა

528

რუსთავის საკრებულომ, რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ტარიფი, რომელიც 5 თვის წინ შეიცვალა, არ დაამტკიცა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

ტარიფის დამტკიცებას მხარი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა არ დაუჭირეს. მომხრე იყო “ქართული ოცნება”.

სხდომა ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.

როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მარი ლიპარტელიანმა აღნიშნა, ამ დროის განმავლობაში, ოპოზიციური პარტიების წევრებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არანაირი პრეტენზია არ გამოუხატავთ.

“6 თვის განმავლობაში საკრებულოს ოპოზიციურ ფრაქციებს ხმა არ ამოუღიათ ამ საკითხზე მაშინ, როდესაც ქართული ოცნების გუნდი, მერის ხელმძღვანელობით, მთელი ამ ხნის განმავლობაში, მუშაობდა, თუ როგორ შეიძლებოდა, ამ კერძო კომპანიის ასეთ კაბალურ სიტუაციაში აღმოჩენის შემდეგ, შეგვეთავაზებინა ალტერნატიული ვარიანტები მოსახლეობისთვის და მეორე დღესვე მერიამ დანიშნა ევროპული კატეგორიის უახლესი ავტობუსები თბილისის მიმართულებით.

იმაზე საუბრით, რომ გაძვირდა ეს, საკრებულოს ოპოზიციური წარმომადგენლები ჩვეულებრივად ვაჭრობენ ახლა, ეს არის არასწორი საქციელი, როდესაც 6 თვის განმავლობაში, მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

ფრაქცია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, ნათია შელეგიას განცხადებით, ტარიფის გაზრდა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მგზავრთა გადამყვანი კომპანია ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.

“სახეზე გვაქვს გამარჯვებული კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება მათ მიერ ყოველდღიურად სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის წესების დარღვევაში. თუმცა როდესაც ვიკითხეთ, რა ნაბიჯები გადადგა მერიამ, რომ მოეთხოვა მათთვის ვალდებულებების შესრულება, ამაზე ორაზროვან პასუხებს ვიღებთ და რეალური ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით რომ არ განხორცხიელებულა, ჩვენ ამის ფაქტი სახეზეც გვაქვს.

შესაბამისად, დღეს ჩვენ არ დავუჭირთ აღნიშნული საკითხის დამტკიცებას მხარი, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ ტარიფის ცვლილება უნდა მოხდეს მთელი ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ქალაქში და პირველ რიგში, მოხდეს სამარშრუტო ტაქსების ნებართვასთან შესაბამისობაში მოყვანა და შემდეგ ტარიფის მისადაგება”, – განაცხადა შელეგიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ბერიძის ინფორმაციით, საკრებულოს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, მოქალაქეები უკვე მგზავრობენ ამ ტარიფით, თუმცა მან ყურადღება მერიის პასუხისმგებლობებზე გაამახვილა.

“სინამდვილეში, როცა საკრებულო მიიღებს ტარიფის გაზრდის ან შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას, ეს ტარიფი იმის შემდგომ უნდა შევიდეს ძალაში. აქ ფატია, რომ საკრებულო მიიღებს თუ არა გადაწყვეტილებას, რეალურად, ეს ხალხი მგზავრობს უკვე ამ ტარიფით.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობის საკითხი აი ამ მოსახლეობასთან, რა დოზით ერევა მერია, რა დოზით აქვს ის ბერკეტები, რომ ასე არ მოუწიოს მოქალაქეს. მე ეს შეკითხვა დავუსვი მერიის მხრიდან წარმოდგენილ ადმინისტრაციის უფროსს, ხვალ რომ სატრანსპორტო კომპოანიამ გახადოს ტარიფი 3 ლარი, ჩვენ რა რეაგირება გვაქვს ამაზე, ვინ აგებს ამაზე პასუხს? ეს ხომ უნდა იყოს დასაბუთებული, გრძელვადიანი პოლიტიკა ხომ უნდა იცოდნენ ამ ადამიანებმა”, – განაცხადა ბერიძემ.

აღსანიშნავია, რომ საკრებულომ მხარი არ დაუჭირა არც შიდასაქალაქო ტრანსპორტზე ტარიფის 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაზრდას.