საბავშვო ბაღების დეფიციტი – ბათუმის მერობის კანდიდატების დაპირება

370

ბათუმში, ყოველწლიურად, საბავშვო ბაღის მიღმა, 1000-დან 1500-მდე ბავშვი რჩება. ქალაქის გაზრდილ მასშტაბებს და ასევე გაზრდილ მოსახლეობას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა რაოდენობა ვერა და ვერ აკმაყოფილებს. პრობლემას ყველა კარგად იცნობს, თუმცა ფაქტი ჯიუტია. ისიც რეალობაა, რომ საკმარისი საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისთვის მაინცადამაინც არავინ ირჯება. დღეს, ბათუმის მერობის კანდიდატები პრობლემის გადაჭრის გზებზე თამამად საუბრობენ. მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის, გამოსავალი, ვაუჩერიზაციის პრინციპის დანერგვაა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ვაუჩერიზაციის მოდელი მიაჩნია სწორ გამოსავლად პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატსაც. ირაკლი მიქელაძე, ფიქრობს, რომ ამ გზით მშობელს ექნება არჩევანის უფლება და თუ კერძო ბაღს აირჩევს, თვითმმართველობა გადასახადს შეუმსუბუქებს. გეგმა ასეთია, თუმცა, რა დაუჯდება ამ პროგრამის განხორციელება საშუალოდ მუნიციპალიტეტს და როგორ მოახდენს ამისთვის ფულადი რესურსის მობილიზებას, კონკრეტულ გეგმაზე კანდიდატი ვერ საუბრობს.

ვაუცერიზაციასთან ერთად, ახალი საბავშვო ბაღების აშენება შედის  ბათუმის მერობის დამოუკდებელი კანდიდატის – გია ხალვაშის გეგმაშიც. ამბობს, რომ მშენებლობებისთვის თანხებს, ბიუროკრატიის შემცირებით შეძლებს.

განსხავვებით სხვა მერობის კანდიდატებისგან, „გირჩში“ ამბობენ, რომ მოქმედი საჯარო ბაღები, კერძო საკუთრებაში უნდა გადავიდეს. რა სიკეტეს მოიტანს ეს? გიორგი ფუტკარაძე ამბობს, რომ გაიზრდება კონკურენცია, ეს კი ფასებს დაწევს და სერვისს გააუმჯობესებს. ფუტკარაძე არ გამორიცხავს, რომ მერიამ, მოწყვლადი ჯგუფები დააფინანსოს.

როგორ აპირებს მმართველი გუნდის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკის შეცვლას, ან ფიქრობს თუ არა საერთოდ ამ კუთხით, არჩილ ჩიქოვანის პოზიცია ვერც ამ კონკრეტულ საკითხზე მოვისმინეთ. კანდიდატი, ამჯერადაც დაგვემალა.