ლევან დავითაშვილი: ქარელის მუნციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე

357

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ,,ქართული ოცნების” ქარელის მერობის კანდიდატის ზაზა გულიაშვილის წარდგენაზე სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საირიგაციო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქარელის მუნციპალიტეტში 10 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული საირიგაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

„ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდროდ იმისთვის, რომ განისაზღვროს სად უფრო პრიორიტეტულია პროექტის განხორციელება და თქვენთან ერთად, თქვენი გადაწყვეტილებით შევარჩიოთ ის პროექტები, რომლებსაც მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელებთ. უკვე მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ზედარუს რეაბილიტაციის 21 მილიონიანი მნიშვნელოვანი პროექტი. ზედარუს სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე აქტიურად დატვირთული სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისების კუთხით და იმ სოფლების გასარწყავიანებისთვის, რომელსაც უჭირდათ სარწყავი წყალი. ჩვენ დავიწყეთ აღდგენა და ფაქტობრივად დასრულებულია რუისის სატუმბი სადგური, ასევე დაწყებულია ქარელის საირიგაციო სისტემების აღდგენა, რომელიც შემდეგ წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა გულისხმობს როგორც ფერმერთა ინიციატივებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერას, ასევე ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტის თანადაფინანსებას.

„ძალიან მალე ქარელში იქნება კიდევ უფრო მეტი გადამმუშავებელი საწარმო, კიდევ უფრო მეტი შემნახველი მეურნეობა და სამაცივრე მეურნეობა იმისთვის, რომ თითოეული კილოგრამი პროდუქტი მაღალ ფასში დაბინავდეს და ჩვენმა ფერმერებმა, ჩვენმა გლეხებმა მიიღონ თავისი შრომის შესაბამისი ანაზღაურება. უკვე გვაქვს წარმატების მაგალითები; ქარელში წარმოებული მაღალი ხარისხის პროდუქტი საერთაშორისო ბაზრებზე გადის თუმცა, ჩვენ გვინდა მეტი ასეთი წარმოება იმისთვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიზნებს მივაღწიოთ, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.