გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ,,ქართული ოცნების” გორის მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე აღნიშნა, რომ გორი არის კარგი მაგალითის მიმცემი მთელი საქართველოსთვის, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური, ახალი, მაღალი პროდუქტიულობის ბაღები გაშენდეს მეხილეობის სხვადასხვა – ვაშლის, მსხლის, ბლის, კაკლოვანი მიმართულებით და ყველაზე მეტი კომპეტენციაც სწორედ გორში მცხოვრებ ფერმერებს გააჩნიათ.
ლევან დავითაშვილმა სარწყავი ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 200 ათას ჰექტრამდე გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი ფართობები.
„რაც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭრდება, ეს არის შესაბამისი სარწყავი ინფრასტრუქტურა. ყველას გვესმის, ვისაც სოფლის მურნეობასთან შეხება გვაქვს, წყალი რაოდენ მნიშვნელოვანია. წყლის გარეშე ვერ ვისაუბრებთ ვერანაირ სოფლის მეურნეობაზე. ჩვენ გორის მუნიციპალიტეტში წყალუზრუნველყოფილი გავხადეთ 16 000 ჰაზე მეტი. როდესაც გვქონდა მოსახლეობასთან შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთზე ვსაუბრობ, მათ შევპირდი და იმავე წელს ჩვენ დავიწყეთ ნადარბაზევის წყალსაცავის აღდგენა. დღეს უკვე მიდის კაპიტალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა და დამატებით ათასი ჰექტარი, რამდენიმე მნიშვნელოვანი სოფელი გასარწყავიანდება”, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან მინისტრმა ატენის ხეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„ატენის ხეობაში, რომელიც თითოეული გორელისთვის არის ძალიან საამაყო, შეიქმნება დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიები შეიქმნება თეძამის ტერიტორიაზეც, ასევე გვექნება თრიალეთის დამატებითი დაცული ტერიტორიები, რომელიც ალგეთის პარკთან გაერთიანდება და ეს იქნება ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი უნიკალური ბუნება, რომელიც ამ მხარის ისტორიულ ერთიანობას აღადგენს”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დაცული ტერიტორიების შექმნა არ ემსახურება მხოლოდ ბუნების დაცვას, ეს არის დამატებითი შესაძლებლობები, მათ შორის, ეკონომიკის განვითრებისთვის.
„დაცულ ტერიტორიებზე შევქმენით ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, გავიყვანეთ ბილიკები, გავაკეთეთ საინფორმაციო ცენტრები, მოვიზიდეთ ვიზიტორები და ეს ადგილები გახდა პოპულარული. იქ დაიწყო საოჯახო ტურისტული საქმიანობის განვითარება. ატენის ხეობაშიც, რომელსაც ასეთი დიდი პოტენციალი აქვს უკვე დაწყებულია ღვინის ტურიზმი; არაერთი მარანი შეიქმნა. დავიწყეთ დაცული ადგილწარმოშობის წახალისება და მხარდაჭერა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.