ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს და თუ იმის ეშინია, რომ გაუყალბებენ, მისი შექმნილია ის გაყალბებაც, – ასე ეხმაურება პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა და ტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გახარია არის თვალთმაქცი ადამიანი, რომელიც „თურმე დღეს გაემიჯნა სისტემის ნაწილს, რომელსაც იგი აშენებდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად”.
„გახარია არის მშიშარა კაცი და სიმართლის თქმის ეშინია, ეშინია იმ სტრუქტურების, რომელსაც ხელმძღვანელობდა. გახარიამ ვითომ ახლა აღმოაჩინა, რომ ქვეყანა ჭაობშია. ეს არის თვალთმაქცი ადამიანი, რომელიც თურმე დღეს გაემიჯნა სისტემის ნაწილს, რომელსაც იგი აშენებდა ბიძინა ივანიშვილთან ერთად. კეთილი ინებოს და იმ სტრუქტურაში აიღოს ანალიზი, ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს და თუ იმის ეშინია, რომ გაუყალბებენ, მისი შექმნილია ის გაყალბებაც”, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მან გიორგი გახარია სატელევიზიო დებატებში გამოიწვია.
„გახარიას დღეს პრეტენზია აქვს, რომ გახდეს ქალაქის მერი და დებატებში იწვევს სხვადასხვა კანდიდატებს. მოვუწოდებ მას ნებისმიერ ტელევიზიაში გამოვიდეს, დამიჯდეს და პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომელსაც ის სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ, კანონის დარღვევით ასრულებდა, როდესაც იყო პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.